|
გვიანი ინტერპოლაცია
ვდგავარ ასე, მარტოდმარტო, სულ ბოლოში - ჰაესავით, საფიქრალით, სატანჯველით, სალოცავით, საესავით, სიკვდილთან და ინდოეთის მტრებთან დადებული ზავით, ტარიგი და მონა მათი ანუ გულით, ანუ თავით!
გულზ მაწევს ოცი მძიმე საუკუნე, ელექტრონით და ლაზერით მოციმციმე! დამიბრუნე ოღონდ ყრმობა, და თუ გინდა წკეპლით მცემე! ყრმობის თოთო ტკივილები მლოცველივით თაყვანს მცემენ...
მომწონს, როგორც მოზარდს ყავა, მოხუცს - ცრემლი მარტოობის ყვავილების მოსარწყავად - ინდოეთი! მიწა მისი! წყალი მისი! ანუ ჰავა! ბრალი მათი, ვინ ვერ ნახავს და საფლავში ისე ჩავა!
გამაძღარებს ხუთი პურით! ნასვამი ვარ შუაღვინით, გაზრდილი ვარ კუტი პურით! ოფლი შუბლს რომ დამიცვარავს, ოდენ ცრემლი მიდგას სურით! ჩემს უცნაურ სიღარიბეს მაინც ბევრი უმზერს შურით!
კიდობნით და მონით ორით - ვჭვრეტ სივრცეებს უსამანოს უუახლეს მონიტორით! შეაბჯრული სედუქსინით - არა ხმლით და არა თორით! გულდახრული ასნაირი სიმართლით და მრუდე ჭორით!
კვართი რომ დამილაქავე, გმადლობ! - სისხლიან პერანგით უფრო შორს დამინახავენ! ყველას ეს ჰქონდა სურვილად, ვინც მიწის პირით აგავე: აქ ჯვარცმულიყო! სახელიც სულ დარცენოდა აქავე!
ან რამე მომიყევი, ან მომადე ლოყა ლოყაზე... მამლები უკვე ყივიან. ნოემბრის ღამეს კუპანეტს ჩავცქერი, როგორც ყავიან ფუნჯანს... ხომ მირჩევ ყავაზე... ლეკვები რისთვის ღავიან...
გენახა ერთი, რას მათოვს! გეგრძნო, რარიგად მიბერავს! - შეგბრალებოდი, ასმათო! კაცის ხმას გადაჩვეული, არც ქმრად ვვარგივარ, არც ძმადო! არვინ მსურს, მორჩა! გასრულდა! - უნდა ვიტანჯო აწ მარტო!
გყავდე დღიური მუშაო! სულ დავდიოდე კარდაკარ, ვით მეწვრილმანე მოშაო! შენი მზით გავაფერადო ჩემი ცხოვრება მოშავო! გასინჯონ ნათქვამ-ნაქმარი, ერთხმან თქვან: არა-უშავო!
დაკოდილ პოეტს ეცნობი! პოეტს, რომელიც ოცნებით წინ ვერ გადადგამს ოც ნაბიჯს! მე ვარ ბატონი ოცნების, და მონაც მე ვარ ოცნების! ოცნება - მუდამ ნაცნობი! ოცნება - მუდამ უცნობი!
ბნელი იყო, დავით, ხარო! გარნა მე დღეს ლამის თვალნი უხაროოდ დავითხარო! არავინ მიკთხავს, ვით იყავი, ვით იქნები და ვით ხარო! ვიწვი, ვით თხა, იმ დღეს მწყემსთა შეწვეს საცოდავი თხა რო...
ტერასი დს ტერასია, მტევანსა და მტევანს მოჰგავს ტკბილი ალიტერაცია! მაგრამ ტურფა ტერასები მტვრად გვიქცია ტერაციდმა! - ტერასსა და ტერასს შუა არ ქრის ცრუპენტელა სიო...
მივაგორებ ცარცის რულონს! გრძლად ვერ მითქვამს ვერაფერი! გულს მაკლია, გულო კრულო! რომც ვისროლო ჭერში ქუდი, სად ვისროლო! რად ვისროლო! ბოლოს შენი იმედი მაქვს, მწუხარებავ - ნიჭო სრულო!
მსახავ ქვეყნის მაჩანჩალად! დაგიმონებივარ ძალით - ორმოს მათხრევინებ ძალად! შენი მილეული მთვარე გულზე მამჩნევია ტალად! სიყრმის უნაზესი ღვინო გადმიქციე შხამ-სამსალად!
ღვთის ნებას და ღმერთის ვერდიქტს: ნებავს? - დღესვე მოგაშორვებს! ან გიმყოფებს მუდამ გვერდით! მინდა მხოლოდ სამართალი!- ამს გთხოვ და ამას გვედრი! თორემ სიკვდილს ვინ ამცდარა! ყველას გველის ალავერდი!
ჭნება ია! ჭნება ვარდი! გლოვობს სიხარულებს ჩამქრალს - ძმამკვდარივით სწუხს ვივალდი! შენი ხელის მოკარება წამიერი - ასი ვოლტი... სიყვარულსაც სწუხს ვივალდი - გოდებს გიტარა და ალტი...
მოქცეული ზღვათა შორის, არასოდეს არავისი არ ყოფილა, სხვათა შორის! მაგრამ იყო ის საგანი ანუ მტრობის, ანუ შურის: აქეთ - ლეკის, იქით - თურქის, ხან მგლისა და ხანაც ტურის...
შარვათები დიან ისევ! საწნახელში ისევა დგა გლეხი ბიჭი - დიონისე! ისევ იმის ჩაკრულო და რისხვა გალაქტიონისა, რა ჩქაფანი მტკვრის ტალღის და იორის და რიონისა...
მონაა თუ უფლისწული - მამულს იცავს სისხლის ფასით, პურს შოულობს ოპლის წურვით! მსწრაფლ ეცვლება სევდა - ტაშით, მსწრაფლ ეცვლება სევდა - ურვით! დამწვარ სახლზე ეხარჯება ნაგროვები სახლის ხურვით...
საფლავსა და საფლავს შუა? არც კი იცის, ყოფა მისი ნაღდი თუა, ცხადი თუა! ენატრება დედის ხელი - წყლის ყლუპი და პურის ყუა! რა გამოლევს ქვეყნად საფლავს! ამ ორთან კი ყველა ტყუა...
მეზარება ძებნა ხურდის! მსურს, კურცხალი გამყვეს სომხის, თათრის, ქართველის და ქურთის... ხაზი გავდე ცისარტყელის - ცაზე გავლებული ქორდის! მტკნარი დამეპკუროს ცრემლი ღრუბლის - ცისარტყელის ქუდის!
ჩემი გულიც, სანიტარო! ჩაიბარე ღვიძლი, ფილტვი და წარსული სანეტარო! გაამრავლებს ანდერძს ღარიბს კანტორები სანეტარო! მეტი აღარ შემიძლია, უნდა მოვრჩე დავამთავრო...
დაინგრევა, როგორც ტროა! დაიშლება სიყვარულის პა-დე-დე და პა-დე-ტრუა! შეიყვარეთ ერთმანეთი, სანამ დროა! უკვე დროა! არც მეტი და არც ნაკლები: ეს საწუთრო - საწუთროა...
სიკვდილს - ანესტეზიოლოგს! მოეღება ბოლოს ბოლო მწუხარებას უთავბოლოს! რა შეგრჩება! - ხვიშტი ერთი! რას წაიღებ! - მარტო ბოლოკს! ამინ! იყვენ ნება შენი! ოღონდ სულმა სულ იბოლოს... სულ იბოლოს... სულ იბოლოს... |
| პოეზიის გვერდი • • • |


