კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:39

 

 

ზოგს ის მოსწონს, ზოგს ეს მოსწონს,

სულ სხვა და სხვა ბევრი რამა:

მე კი ყველას მირჩევნია

პაწაწინა პანორამა:


ჩაიხედავ - გამოჩნდება

ყველა ნათლად, უტყუარად,

გინდ იხმარონ მელის ტყავი

პირ-ბადედ და ხელში ფარად.


ყველგან არის... ბევრ-გვარია

ამისთანა საჭვრეტელი,

მაგრამ ჩვენში ერთი არის:

„საზოგადო სარბიელი“.


ვინც გინდათ და ვინც არ გინდათ

აქ შეხვდებით ყველას ერთად,

გაბერილებ-გაგუდულებს,

თავი მოაქვთ რაღაც ღმერთად.


პირ-ბადედ და გზა-და-ხიდად,

გაუხდიათ სიყვარული!..

სათვალმაქცოდ იძახიან:

„ოჰ, სამშობლო, ოჰ, მამული!“


ენა-ჭახრაკ, საქმე-ხრიკა,

საგულ-კოჭო - ლიბერალებს,

ყველას, გულში სულ სხვა უძევს!..

თავში სხვა რამ უტრიალებს!


გვატყუებენ, გვაბრიყვებენ,

გზას გვიხლართვენ წარა-მარა!.

დროა თვალი გავახილოთ!..

რაც მოვტყუვდით, ისიც კმარა...


ვინც იჩემებს მოღვაწობას,

მოღვაწეა განა ყველა?

ზოგჯერ თურმე ძაღლივით ჰყეფს

მატყუარი კუდა-მელა,


არა, არა! სხვა დრო გვინდა!..

გამოვიდეს სულ სხვა დასი,

რომ ძველსაცა და ახალსაც

ღირსეული დასდვას ფასი.


ჩვეულება - ტრადიციით

ვინ თქვა ქვეყნის სამსახური?

ვინც ღირსია - მას თაყვანი!..

ვინც არა და - მას პანღური!..


მანამდი კი წინ დაგიდგამთ

"გასაცნობად პანორამას

და გიმღერებთ იმერულად

„გვეგონას“ და „ჩაირამას“.


აქ არიან თავმოყრილი

სულ ჩვენები და არ უცხო!..

მინდა საგზლად თვითოეულს

"გამოცანა" გამოუცხო.


აი!.. ხედავთ იმ ვაჟბატონს,

ყველაზე წინ რომ დამდგარა

და სახეზეც აწერია

"თავმოყვარე!.. მეტიჩარა?


დღეს ერთია, ხვალ მეორე;

აქ სულ სხვაა და იქ სულ სხვა!..

აპრილივით მოიდარებს,

მარტივით კი იცის სუსხვა...


ხან მხარს აძლევს ფარისევლებს,

გოლგოთაზე მისდევს ქრისტეს

და ყველაზე მაღლა ჰყვირის

"წაიყვანეთ! ჯვარს აცვით ეს!"


ხან კელპატრით ლიტანიას

ქრისტიანთან უვლის ერთად

და იძახის: "ქრისტე აღდგა!"

ვაღიაროთ ღმერთი ღმერთად.


ხან მტერია მოსისხარი,

ხან მორჩილი - მონა შვილი!..

არც აქ არის, არც იქ არის,

მიხტი-მოხტის როგორც რწყილი!


"ასკიკუკუს" მოთამაშე,

"ფიგაროა მწერლობაში!...

იმას სცდილობს, მხოლოდ იმას,

რომ ატეხოს რამ განგაში!


შეახეთქოს ტოლი-ტოლსა,

მეგობარი მეგობარსა;

მერე შედგეს მაღალ სერზე,

გადაძახოს მთა და ბარსა:


"შემომხედეთ" აი, სად ვარ

გმირი, ყოვლის შემძლებელი?...

კარზე ყურით მიბმული მყავს

იუდა და ბულზებელი.


ჩემი გეგმით, ჩემი რჩევით

ეს ქვეყნა გაჩენილა!...

ზამთარ-ზაფხულს მე ვაყენებ,

ჩემით ცივა, ჩემით თბილა!...


თვით შემოქმედს ჩემი რჩევით

მოუწყვია არე-მარე!...

მე ვათენებ, მე ვაღამებ,

მე ამომყავს მზე და მთვარე!


მოდით რაღა!... მეთაყვანეთ!...

მე ვარ თქვენი წინამძღოლი!...

მე ვარ მხოლოდ მე! მე! მე! მე! ...

არვინ არის ჩემი ტოლი!


ამას ყვირის კუდაბზიკა!...

გაგვიჭედა ყველას ყური!...

წვერიც აქვს და - "მე"-საც ბღავის

ვით თხა - თხების მეთაური.


ბევრს ატყუებს!... მის ხელშია

ჩვენი ცხვრების ბედისწერა!

მაგრამ ჩვენ-კი უკაცრავად,

იმისი რამ არა გვჯერა:


"მე"-ს რომ ბღავის არ ვარგია

იმისთანა მეთაური!..

თუ გარეთ მგელს გადაურჩა,

ძაღლი შეჭამს შინაური!


ეს ცხადია, მაგრამ მაინც,

გადაკვრია თვალზე ბისტი,

და ყოველგან "მე"-ო ბღავის

ზოგიერთი პუბლიცისტი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen