|
ჩემო სულის დგმავ! ტკბილო გულის-თქმავ! ყველგან ყოველთვის მნათობო სულის! შენ ერთად-ერთო შემკვრელ-გამხსნელო ჩემის ტანჯვისა და სიხარულის.
ცისა და ქვეყნის შუა კავშირო! ჩამგონებელო, ზე-ამღგზნებელო, ქნარ-საზევსურო, უკიდ-უძირო!
მაზედ ამართულს ჯვარს ცხოველ-მყოფელს და ზედაც განრთხმულს მსხვერპლს უგნურების ღმერთ-კაცს, სიკვდილით სიკვდილის მთრგუნველს.
გხედავ სიწმინდით მოსხივ-ცისკარეს! ქრისტეს სამსჭვალით თვით გამსჭვალულო, მსხვერპლად ცოდვილთა, ცრემლებს ღვრე მწარეს.
ციურ მანანად გულს მეწვეთება, და სასოებით სარწმუნოება მეც მიდიდდება... მიორკეცდება.
შენვე გიყურებ მახარობელად, და „ქრისტე აღსდგა“ შენი პირველი გრგვინვით გაისმის მთადა და ველად.
მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტების! წყარო ცხოვრების და სიმართლისა თუმცა იმღვრევის, მაგრამ არ შტების!..
იმ აღდგომისაც, რომ ველი მეცა!.. როდესაც ქვეყნად ტანჯულ სიმართლეს მკვდრეთით აღადგენს კურთხევით ზეცა.
რადგან შენა ხარ ჩემი გულის-თქმა, წმინდა ამბორმა შეგვისისხლხორცოს, ახალი რჯული და ძველი აღთქმა! |


