|
ყველაფერი ათ-ათი და ყველაფერი ას-ასი, გვითვალთვალებს ასი სარკე, როგორც ასი ასასი. ერთს აორებს, ორს ასამებს ანუ ამესამედებს, აწყვილებს და ალამაზებს თორმეტებს და ცამეტებს. ისე სწრაფად მრავლდებიან ფანჯრის ნატურმორტები, გაორდები, გაოცდები, გაორმოცდაორდები. თვალის დახამხამებაში გიპარავს და გინელებს, აბევრებს და აიაფებს ცნობილ ორიგინალებს. ერთხელაც რომ გამიღიმო, ვერ დამძრახავ ხურდაზე: გაგიათასორასებ და გაგიათასხუთასებ. გეცინება, შენც ჩემსავით ჩქარა დაიხარჯები, იმდენი ხარ, რომ წახვიდე, ცოტა მაინც დარჩები. ჩქარა, თორემ წუთებივით გვაყოვნებენ წამები: გაგე - ოცდა - სამი - ათას - ორას - ოცდა - სამები. მოდი, ნახე: სარკის სარკის სარკის სარკის სარკეში დგას თერთმეტი მარადონა, როგორც ათი მარკესი. მოდი, თუკი გენატრება სევდა ტრავიატასი, ან ჰამლეტის სინანული - ათი, ასი, ათასი. მოდი, ნახე: თვალმა მზერა მახვილივით ალესა და იცინის ალისა და ალისა და ალისა. თვალს ჩაგიკრავს, ვისაც იცნობ, ვისაც მოეფერები, ბევრი, ბევრი, ბევრად ბევრი, ბევრზე ბევრი, ბევრები. ასლებიდან გაგჭორავენ ათები და ასები... ღმერთო, არ შემოიხედო, თორემ დაგვემსგავსები! |
| პოეზიის გვერდი • • • |


