კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 15:35

 

 

გოლიათი ოლია

მგონი, დიდი გნომია.

არა, არა, რის გნომი,

თავი ტროლი ჰგონია!


კენჭით მძივებს აკეთებს,

ფაფას ურევს ცხვირით,

თმას ივარცხნის ზღარბებით,

ძილისწინ და დილით.


ბიძაშვილ გნომ ილიას

უგებს ცხრა ხელ ბილიარდს.

ორი დიდი ყური და

ცხრა ჭიანი კბილი აქვს.


ერთი ტოლი ტროლიც ჰყავს,

ტროლის სახლიც აქვეა.

გთხოვთ, ნუ მკითხავთ, არ მახსოვს,

იმათ მშობლებს რა ჰქვიათ.


ტროლს კი ჰქვია ტარაკუჭა!

ცხვირსახოცებს მუჭში კუჭავს.

თამაშობენ და ართობენ 

მგლის ლეკვებს და ბელებს.


თავზე სოკოს იკოსებენ

როგორც წითელ ბერეტს.

კვნეტენ გირჩებს მიწიანს,

ლექსები არ იციან.


როცა შიათ, სად მიდიან?

იქვე ახლოს, ტროლის სახლში.

გნომს გემრიელ სადილს აჭმევს,

განა თხუნელების კანჭებს?!


ხავსის მწვანე პიურეს,

მიწავაშლის ღვეძელს,

მუხლუხოს ტკბილ ჩახოხბილს,

ნარნაირ კერძებს.


ტროლის სახლში ცხოვრობს ტილიც,

ეხმარება ტროლის მშობლებს,

განა ტირის?!

ობოლია, შეიფარეს,


რკოს ფაფას ჭამს ყოველ დილით,

როცა წყალი იყინება, 

დადის მოთხუპნული ცხვირით.


ეხუტება ტილი ტროლს,

სახლში თბილა, გარეთ თოვს.

იცის თავის საქმე ტილმა,

მარდად დახტის, განა ძინავს?


სუფრას შლის და ფიჩხის ჩანგალს

დებს ლამაზად, ზარმაცს არ ჰგავს. 

ტილიც არის ტროლის ტოლა.

- ქვაბში რა დუღს? - ხვლიკის ტოლმა.


მოდი, გავიტეხოთ ენაც 

სწრაფად მოვყვეთ, იქ რაც ხდება:

ტროლის ტოლმა ტილმა ტოლმა

ტორით გაყო ტოლად-სწორად,

მოიქნიეს ყბა და სანსლეს

ამოჭამეს ქვაბი სავსე.


დააყოლეს თოვლის წვენიც,

მერე რა თუ იყო ძველი?!

წიწვის ჩაიც ახრუპუნეს, 

კარამელიც ლოკეს ბევრი.


შეგარგოთოო - უთხრა ბებომ,

ყოჩაღ! - აუწია ცერიც. 

იქვე იჯდა, ჰამაკს ქსოვდა

ბაბუს ზურგზე ბაბუს წვერით.


ბაბუ ჰამაკს ეჭირა, 

ფშვენდა მშვიდად, ეძინა.

ეგ სად მოხდა? - ტურის კუდზე!

ტყუილების ბარდიბურდზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen