|
ჩემს საქართველოს ცაზე გაუდის მიწის საზღვარი, დადის უფალი სამოთხეში ოქროს სასხლავით, მოედინება აქ მდინარე სინათლის შხეფით, ვერვინ შეჰკადრებს კენჭის სროლას, ხიდსა და ჯებირს.
სიკვდილი აღარ ემუქრება იმქვეყნად არვის. იქ არც სნეულებ, არც ხუცდები და არც ყარიბობ, ტაროსი არის სააღდგომო და საალილო.
ზღვები ერთვიან ნათელ მიწის ხაოს, სილიანს. წამს და ასწლეულს თანაბარი აქვთ იქ დინება, ნისლებს და ღრუბლებს იქ არავინ არ ეტირება.
რომც შეეცადო, ვეღარაფერს შეასმენ სიკვდილს. იქ აღარავინ წერს ლექსებს და არ იგონებს ცხადს, მარტო უფალი იარება და ბაღებსა სხლავს.
არც სიყვარულის ცხად-სიზმარში არ ირეკლები. ხარ ადამივით უშობი და უჭირისუფლო, მაგრამ სხვა ხარ და გახსენდება სიცოცხლეც უფრო,
აკაკუნებ და აბრახუნებ ცაზე გარედან. ხან თქეში ხარ და ხან უცაბედი ლექსის სტრიქონი, მაგრამ გამქრალი, როგორც ძველი იერიქონი.
ჩვენ ისე ვცხოვრობთ, ყოველი წამი ლაჟვარდს აკლდება სხივად და ფერად და ეძენძება ნაქარგიც მკერდზე ჩემი სიცოცხლის სვილისფერ პერანგს.
უფერმკრთალდებათ ჟამის ფურცელი, მაინც ჯიუტად იმას დავეძებ, რაც არის ქვეყნად გარდაუცვლელი.
რომელიც არსად მსმენია ადრე, რომ დავაჯერო - მარადისობა ღამეებს კვლავ ჩვენს სიზმრებში ათევს!
რომ სიმართლეა - სიცოცხლე, მხოლოდ! რომ ორთავ სოფელს ადევს საზღვარი, მხოლოდ სიყვარულს არა აქვს ბოლო... |


