|
“დარდის დოლმენი და სევდის სტოუნჰენჯი. ღვთისშვილთა ქვებისხელა ეჭვები. ასეა, ასეა. კიდევაც ეჩვევი, დარდის მინდვრებს რომ აქამდე შემოვრჩი და არავინ იცის, საიდან მოვედი”- მე. მთების, ტრამალების და ზღვების ნაპირზე სამკვიდროს ტყუილად ხომ არ ავირჩევდი? განა ავხირდი და დარდი ავიჩემე, განა სევდის მღვიმეს ჩემად დავირჩენდი? რა ვქნა, თუ ქვის ენა სხვაზე უკეთ მესმის. სიჩუმის ანბანი რთულია ძალიან. ტკივილებს უხდება ამ ენით შელოცვა, როდესაც საცრემელე თვალები მშრალია. მე, ალბათ ოდესმე, ზღვისპირი ვიყავი და მკერდზე მეკიდა ჯაჭვებით მოქცევა. ტალღებში მთვარე რომ მარგალიტს ეძებდა, პირველად იმ სევდის ზვირთებმა მომცელა. მე, ალბათ ოდესმე, მთის კალთაც ვიყავი, ზედ ტაძარს აგებდა ლოცვებით სალოსი. ჩემს მკერდზე მზის სხივით კვეთავდა საცხოვრისს, კი არ ვგუგუნებდი სიჩუმეს, ვგალობდი. მე, ალბათ, უდაბნოც ვიყავი - წყლის შვილი, ვიხსენებ ვარსკვლავთა ცეცხლოვან ფერხულებს. ოქროვან კალთაში ერთხელ რომ ჩამაკვდა, იმ გრძნობის სიძველის საძვალეს ვერთგულებ. მე მახსოვს პირველი სიტყვების წვიმაში რომ იდგა ღმერთი და სამყაროს ნათლავდა. პირველი სახელი, რომელიც დამერქვა, უფალის ბაგიდან ქარივით ატანდა. დღესაც ფრთებს ცისკიდეს ატოლებს, საჩემოს, დრო უხსოვარი და დრო - სავსე, მხსოვარი, არ მინდა, რომ დამრჩეს ამოუმღერელი საშენოდ სათქმელის არცერთი ხმოვანი. და ნუ მსაყვედურობ, რატომ ვერ ვთამაშობ, ფერადი კენჭებით რად ვერ ვრთავ ბილიკებს. ყრმის უწოვ რძესავით ქვავდება სტრიქონში რაც შერჩათ ხსოვნისგან ჩემს მწვანე ბილინგვებს. დარდის დოლმენი და სევდის სტოუნჰენჯი. ღვთისშვილთა ნაქარი ქვისხელა ეჭვები. ხავსმა უკეთ იცის, ჩემი საიდუმლო - სამყაროს, დარდივით, დიდხანს რომ შევრჩები. |


