კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:53

 

 

სადი ნიმარს - ჩემ უსაყვარლეს პოეტს

 

სასუფევლის წნული ღობეა შენი წამწამები.

მოვადგები დაღლილი და ვიყურები გადაღმიდან,

აყვავებული ვაშლის ხესავით.

მწვანიანზე თეთრი ხბორები დაკუნტრუშობენ,

მცნობენ უკვე და რომ დამლანდავენ,

ღობეს ერთბაშად მოაწყდებიან.

მომაშტერებენ ნისლიან თვალებს.

იმათ დრუნჩებს კი

სულ ახლახან მოძოვილი ბალახის სუნით

და ცვრიან ცურის გეშით მოსვრილებს,

მოეკითხებათ განა, სხვა სიბრძნე,

ზმუილის გარდა - დედა, დედაო?  

ასე მიმზერ, შენც, მეგობარო.

აღარც მიკვირს, რატომ მომენდე.

ერთმანეთის საიდუმლოთა ლოცვანის ფურცლებს

ისე ფრთხილად ვშლით, ისე რიდით,

თითქოს ვშიშობთ,

ზედმეტი დილა ანდა ღამე არ გადავფურცლოთ,

ღმერთს რომ ჯერაც არ შეუქმნია ამ სამყაროში.

მე კი მეგონა,

ადამიანს თუ ცეცხლი არ სდის თმის ძირებიდან,

არც ნაჭრილობევ ტუჩით მელანს არ ეწაფება,

არ შეიძლება მისი ნდობა, როგორც პოეტის!

მე ხომ არასდროს ჩამიბნევია ღილკილოში ალის მიხაკიც.

არც გრძელ ყალიონს ვაბოლებდი,

ჩემს სამოსსაც არასოდეს შერჩენია ღვინის სურნელი.

მანიფესტებიც არ შემიქმნია.

რატომ მომენდე?

ვერსად მიპოვნი დასერილ ვენებს,

არც რევოლვერი, არც მარყუჟი, არც ქარვის მძივი,

ჩემს მეწამულ მოსასხამზე დაცვენილი ხმელი ფოთოლი,

დიდიხნის წინათ,

მეწამულ ზღვის მეწამულ ფსკერზე რომ გადავმალე

და პალატების გასაღებთა მთელი აცმაც იქვე ჩავფალი,

შეურაცხადებს კარი ფართოდ რომ გავუხსენი

და მერცხლებივით გავყარე გარეთ,

სად დაინახე?

სასუფევლის კარის ძებნაში დღესაც ასე

უღამდებათ ხრამის პირზე

თამაშით გართულ იმ დიდ ბავშვებს.

სად დაინახე ან ის ცეცხლი, ის კოცონი,

ზედ რომ არავის დავუწვივარ?

გამოვისყიდე ჩემი თავი შენს გაჩენამდე.

ხშირად ჩემი მარტოობის ფსალმუნებს ვმღერი,

ცხვრის ფარასავით მივუყვები საკუთარ თავს,

როცა ბიბლიურ ხრიოკ მინდვრებს ჩავუვლი ხოლმე,

სულ მახსენდება ტყვია, რომელიც დაიჭირე პეპლის საჭერით

და ბავშვური, მიამიტური ფოკუსებით

გვირილებად გადამიქციე,

გადააპნიე მერე ჩემს მინდვრებს და

ბედნიერი შეექეცი ტკბილ "მამალოს”,

მე რომ ღამეებს მითენებდა

და ყივილით ზეცის კიდეს ბათქაშს ამსხვრევდა.

რა პატარა იყავი მაშინ, ან როგორ მენდე?

ჩვენ ორიდან ერთ-ერთი ხომ მერე გავჩნდით,

ამ ამბების უხნესად მერე.

მაგრამ სიბრძნე დაგვყვა მამიდან,

რომ გვერწმუნა სრულად სოფელი.

ორთავე მხარე ჩვენთვის ისე მშობლიურია,

როგორც ფურცლის ორივე გვერდი, როცა ვკითხულობთ

და ყდა როცა ზეცასავით გვახურავს თავზე.

ზღვის ზვირთების მწყემსებივით -

ან ვის უნახავს დაბადება ჩვენი ამქვეყნად?

დედ-მამისათვის ჩვენ ყოველთვის

ვარსებობდით და ვიარსებებთ,

სხვებისთვის კი ხვალინდელი ამინდივით ვართ -

ან გავამართლებთ ან გავწვიმდებით და

ლაფით მოვთხვრით მაღალ ქუსლზე შემდგარ ცხოვრებას.

მაინც მენდობი, მეგობარო,

მე კი ჩემი ბასკი დედაც ვერ გაგაცანი.

გაუჩენელი შვილებივით,

ვერც ზანდუკები გაგიხსენი ფურცლებით სავსე.

იმ ქაღალდების ცოცხალი კლიტე,

სიტყვები რომ აღებდნენ მხოლოდ,

შემეშინდა ჩემზე არავის მოერგო და ისიც დავმალე.

თეთრ კაბაზე აფარებულ სადაგობის დიდ ჯიბეებში

გადამალული სუფთა ფურცლის

ნახევიღა გიწილადე თამბაქოსავით,

რომ შენს ჩიბუხში, აკვანს რომ ჰგავდა,

წვალებ-წვალებით ამოგეწვა მარტოობის დღესასწაული,

შენ კი მაინც ბოლომდე მენდე,

და ისე თქვი “ღმერთით, ღმერთითო”,

გათენების მაუწყებელი

ჟივჟივი გედგა რტოებში, ხეო!

გაყურადებდი და ვიცოდი,

რომ ჩიტები არ ჟღურტულებდნენ,

ეს, ხე გალობდა, ხე გალობდა,

ფრთოსნები კი, ანგელოზები იყვნენ ამ ხისა.

სიზმრების ხაოს ხელს რომ უსვამ,

ხავერდების კვლებს რომ მიჰყვები,

შიგ რომ თესავ მტრედების ღუღუნს,

ნეტა თუ გრძნობ, უკან რომ მოგდევ,

რომ არ წამოკრა ფეხი ნისლის ბელტს, არ დაეცე,

ფრთებით მიჭირავს შენი ნაბიჯი.

შენ კი ამ დროს ატატებული გყავარ თურმე აღმაფრენებით.

რა ერთნაირად გვიყვარს ხოლმე

სევდის ჭის ფსკერზე ყურება და

როცა ერთად მივადგებით ჭის ოქროვან გვიმს,

გვეშინია, არ ჩაიქცეს და

ერთდროულად ერთმანეთის კიბეც ვხდებით,

ფრთებიც გვესხმება,

ერთმანეთის სტრიქონს ვებმებით

და ნუგეშ-ნუგეშ  სიყვარულს ვმღერით,

როგორც ღამეში, მარტოობას რომ მღერიან

შიშის მგზავრები.

მე ხომ არასდროს მიწერია დღიურები მომავლისათვის,

შენ კი სულ მფურცლავ,

მარჩიელობ ჩემს ვარსკვლავებზე,

წეროების გუნდებს მიჰყვები.

ამ უსასრულო გადაფრენაში

შემომიცვითე შფოთვაც თანდათან,

რადგან უკვე ზეპირად ვიცით ჩვენი ფრთის ძალაც.

ცის ბილიკებიც, როგორც მიწისა, გაკვალულია.

ჩვენ გზებიც ვიცით,  უსახელო შესახვევებიც.

ყველა სტიქია მოვიცისმარეთ,

მოვიმზისნამეთ, მოვიქარიშხლეთ,  

და უძირო მწვერვალებზე, თოვლი რომ ყვავის,

შენ ნაფეხურთა ედელვაისებს,

ისე ვპოულობ, არც კი გითქვამს, რომ მსტუმრებიხარ.

ალბათ მეძინა, ჩათვლემილს, მშვიდად,

შენ კი ისე გეძვირფასება ჩემი სიმშვიდე,

ფეხაკრეფით მოგივლია ჩემი შინ

და წასულხარ შენთან.

ჰოდა, ახლა ამ სიზმრიდან როცა ავდგები

და მოვადგები სასუფევლის წნულ ღობეს ისევ,

სადაც ჩემი თეთრი ხბორები მეგულებიან,

სადაც სიწრფელე სუფთა ფურცლის ისე გაღელვებს,

თითქოს ბილილებს გადათელავს შენი ნაწერი,

მოვალ და გკითხავ, როგორ მენდე და დამემგზავრე?

შენ კი თეთრ ხბორებს ხელს აუქნევ და ჩაიცინებ -

"ღმერთით, ღმერთითო”...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen