|
უცნაური თვისება აქვს ჭუჭყს - იგი საკუთარ არსებობას არ მალავს და არსად გაურბის, თეთრზე - შავად გამოჩინდება, შავზე - თეთრ ლაქად! ჭუჭყის წყალობით მჟღავნდებიან სისუფთავის ნეგატივები, თავად იმხელს თავს, რომ სისუფთავე შეგინარჩუნოს. კოსმიური და უჩინარი მტვრის გამჭვირვალე ფრთებითა და ქარის სხეულით მოფარფატე მარადიული ავგაროზი ჩვენი სიწმინდის, მთელი გზა მოგვსდევს ერთგულ ძაღლივით, სულზე, სხეულზე, ყოფაზე და სინდის-ნამუსზე მოსარგები ლეღვის ფოთოლი, ხან უჩინარი, ხან საჩინო გამოცხადება და დასტური, რომ სისუფთავე - სამოთხის ხსოვნა, დასათესი ხორბლის მარცვალი - შესანახი გვაქვს სამომავლოდ, თორემ შიმშილით მოგვიკვდება მზის ძუძუზე მიკრული ბავშვი. ჩვენ კი ჩიტებს ვაკენკინებთ მარცვლეულს და ასე გვგონია, არაფერი აღარ გვმართებს იმ სამოთხისა, ოდესღაც რომ ცარიელი გამოგვისტუმრა. თვალებში მაინც ჩავიტოვოთ მაშინდელი “სინათლის დედა”, იქნებ შემკვრივდეს სიყვარულის რძე. თვალებში ხომ ადვილია სისუფთავის შენარჩუნება, განა იმიტომ, რომ ცრემლები ხშირ-ხშირად ბანენ? არა, თვალები უკეთესად იმახსოვრებენ, რაც არ უნახავთ. ლტოლვილი ახლა იქ, სადაც მე დავიბადე, ცამდე აწვდილი დგანან ნაძვები და ბეღურების გაშლილ იალქნებს ეხლება ქარი, თავაწყვეტილი - უცხო ნაცნობი. ახლა იქ, სადაც მე დავიბადე, დგას ეკლესია მარადი შობის. თეთრი მტრედების თავსაბურავით აქ განთიადი მოგვივით მოდის, სინათლის მურით და თაყვანება მოაქვს ჩვილთათვის, თოთო სამყაროს ღნავილით ტკბება. კიპარისების სახედარები აფახულებენ სიმწვანის წყებას, კუდებს აქნევენ. აქ, ამ ეზოში შორი გზის მგზავრი - ბედნიერება ისვენებს ხოლმე, როცა ბეზრდება ცის ბილიკები და ტოვებს თავის სამკვიდრო ხომლებს. მიწაზე უნდა - თოთო ლტოლვილს, რომელიც მუდამ თავზე ჭერსა და ლუკმა-პურს ეძებს, ჩვილ განთიადებს ხსენივით იწოვს და სჯერა, შეძლებს რომ ახლა მაინც, ბოლომდე შერჩეს ჩვენს ბედისწერას. მაგრამ ვიზრდებით ძალიან სწრაფად და ვტოვებთ ეზოს და მაღალ ნაძვებს, მღვიმეებს, გულებს, ღამეებს, სიტყვებს, და ვტოვებთ გზებს და ამ გზებზე ხნარცვებს. ის კი ვერ მოგვდევს, თუმც სათითაოდ გვაყოლებს სიზმრებს, დარდებს და ეჭვებს, ჩვენს ფრთებად გაშლილ ცარიელ ხელებს ხსოვნის სურნელი რომ მაინც შერჩეს მისი და გვნატრობს. სულ ვენატრებით ბედნიერებას, ვენატრებით. აი, ისეთი, როგორიც გავჩნდით. |


