|
დაიწყება დიდი მიქცევა, მარტოობის ნაპირები ნიჟარებით ამევსებიან. დედამიწიდან ავიკეცავ წყლის კალთებს და მარჯნის ბაღებში, მარგალიტის ჩრდილში დავდგები. დაიწყება დიდი მიქცევა. ქვები კენჭებს ჩააძინებენ. მათი ნანინას ხმებიც მიწყდება. მე გულში შევალ, როგორც წყალი - ფსკერის მღვიმეში. შევმკვრივდები, შევიკეცავ ფრთებს და ფრთების ქვეშ შემეყუჟება თევზის გუნდები.
წყლის სიმწვანე თვალებში არა, გულისგულში ჩამიგუბდება. წყლის ქარები იქროლებენ და სიღრმეში მობინადრე ციცინათელებს გადანახული ექნებათ ჩემთვის სიტყვის სინათლე. ჩემს დანახვაზე ჩემივე ჩრდილის ტალღებიც კი ჩაწყნარდებიან. თეთრი თოლია, ხსოვნასავით რომ დამფარფატებს, ჩაუნისკარტებს ოქროს თევზის ათინათს და ამჯერადაც მოტყუვდება, მზის სხივებით დაბრმავებული.
რომ ამოვყვე უკანვე მთვარეს, რომ მოვიტანო სინოტივე მაცოცხლებელი, სული მოვითქვა და დავბრუნდე, როგორც ბრუნდება ნაპირზე ტალღა: არც ხმაურისთვის, არც საქმისთვის, არც სასწაულად! ის წყალია და იქით-აქეთ უნდა ეხეთქოს. ხან ვინ დახვდება ნაპირზე, ხან - ვინ, ეგ მაგას სულ არ აინტერესებს. იცის, რომ უნდა მოიქცეს ხოლმე მიქცევის მერე. |


