|
ხანძარი. ხან ნებით, ხან ძალით. ხან წყვილად, ხან ცალი მოდის და ტყე-ტყე და მთა-მთა და მოღმუის, მოგელავს პარპალით. არც ნამი არც თქეში, არც წყალი და კაციც და ღმერთიც გამწყრალი. ქარს ქარი მოაქვს და რაც არის იმედის პატარა მარცვალი - დაცლილი საბავშვო სარწყავი. წამს წამი ეწვის და ხანს ხანი. ხან ნებით, ხან ძალით და მძლავრი. ხო, მძლავრი, ხან მტერი მზის მტვრით და ხან წამლით ტყეს წათლის. წითელი ფანქარი. აღარც ხე და აღარც ხარდანი. აცალე. აძოვე ნაცარი ცეცხლის ხარს. მტრის მაჯა გასხიპე, გასხალი. სულ ცრემლი, სულ გვემა, სულ ჯვარი. ახსენი ეს ალის სამსჭვალი. და ტანჯვაც დაღლილი, მაშვრალი... და ელდაც ნაქარი, ნაშალი.... ხმაც გაკმენდილი და გამწყდარი... ზურმუხტის შავ ძვლებზე შემდგარი საწყალი სამშობლო, დამწვარი... ხანძარი. ხანძარი. ხანძარი... |


