|
არც იცი ზუსტად, რას მოეჭიდო, რას მისწვდე. ვერ გამონასკვავ ხავსს, თქეშს, ზვავსა თუ ქარიშხალს. უშორეს მზერის რინდებზე დაკიდებული დგახარ და ელი ამ ყიამეთში გარიჟრაჟს.
ვერც არჩევ ზოგჯერ, ოღონდ კი იგრძნო საყრდენი და ზვირთს, რომელიც არ გახრჩობს, მაგრამ გაყრუებს, ატან სხეულს და სულს და სიზმარს და... არ ხედნი.
ექოებს ჰგავდა, შორეთზე წითლად მიშხეფილს. მოტრიალდება ეს აგრაგნილი მინდვრებიც, თვალში გექცევა, ბნელზე შეჩვევის ნიშნებად.
გზებია მხოლოდ, ნაბიჯებს მტვრად რომ ეღვრება, მოძრაობ, როგორც რიტუალური დეტალი რად გიღირს ერთი შეშლილი წამის შეხვედრა.
მარტის გვრგვინვას ჰგავს მისი უდროო ჭრიალი. და კიდებ უცებ ყველაფერს, რაც გამძიმებდა ხეზე, რომელიც შენშივე ყუჩად შრიალებს.
არაფრის მრწმენი, აღარაფერზე მლოცველი, სადაც დგანან და მოგჩერებიან საწველად იმ მინდვრებიდან მობრუნებული ძროხები... |


