|
და ცის უფსკრულში აილეწა კაფე ლანდური: ახალ პოეტებს გაუმართავთ ლურჯი კაბარე. იწვის არღანი, იკლაკნება იქ ფისმანდური, და ჩემი ცქერა მოჩვენებას კვლავ შევაფარე.
მსახურებს დააქვთ ოპიუმი მაღალ ვაზებით: ისევ მედუზა ყავისფერი მათ ააშფოთებს, ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით.
ჯამბაზობს კაფე და ჰაერში გადაბრუნდება... ისევ დაისი ატორტმანდა, როგორც საკირე, და ჩემი ცქერა ჩვენებასთან ბრძოლას უნდება.
და ეს იქნება თვით პაოლო, თვით სხივოსანი; ნისლიან ხალხში ის სონეტით გადავარდება და მისი ტანი დამსხვრეული ტალღებს ბარდება.
ლალის სიგიჟე, ყირამალა და ხარაკირი - ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით, მას მოიტაცებს მოდაისე უცხო ფაკირი.
სავსეა ჭაღი თავისმკვლელთა ავი ძორებით. ისევ მეძახის გრიგალიდან მე ფისმანდური და თეთრ სურდოთი მემუქრება განმეორებით. |
| პოეზიის გვერდი • • • |


